თურქეთში პოლიციამ ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის და ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები შტურმით აიღო

თურქეთში პოლიციამ ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის და ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები შტურმით აიღო

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თურქეთში პოლიციამ ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის - Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები შტურმით აიღო. აღნიშნული მედიასაშუალებები "კოზა-იპეკის" ჰოლდინგს ეკუთვნის, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერის - ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანიების შენობასთან მისული აქტივისტები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს, რასაც ტელეკომპანია Bugun TV პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

თურქეთის ხელისუფლებამ ასევე, "კოზა-იპეკის" ჰოლდინგში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა. სექტემბერში, თურქმა სამართალდამცველებმა ამ კომპანიებში და ჰოლდინგის მფლობელის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი აშშ-ში მცხოვრებ ფეითჰულა გიულენს ფინანსურ დახმარებას უწევდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, თურქეთში მომხდარ მოვლენებს ევროკავშირი გამოეხმაურა და ოფიციალურ ანკარას, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 1 ნოემბერს ჩატარდება.