პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა თვითიზოლაციაში იყენებს თავს.
მისი თქმით, სამჯერ მიმართა პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის მიწვევის თაობაზე, თუმცა, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია.
„მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი გუნდი უარს აცხადებს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე და დიალოგზე. მე მაგალითად შემიძლია გავიხსენო გამართული კონსულტაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, შეგვიძლია გავისხნეოთ ის, რომ სამჯერ მიმართა პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მიწვევის თაობაზე, თუმცა, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა რეალურად თვითიზოლაციაში იყენებს თავს და თვითიზოლაციით გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. ამ შეხვედრამდე რომელზედაც იყო საუბარი ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კონსულტაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, გნებავთ წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა, სამწუხაროდ ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყვა“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებამ, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობების არსებობის თაობაზე, უფრო მეტი დაძაბულობა შექმნა.