ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიდინარე პროცესზე "რუსთავი 2"-ის ადვოკატებსა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი "რუსთავი 2"-ის ადვოკატების მიერ მოსამართლის აცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობა გახდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების პროტესტი მანამდე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მათ მიერ დაყენებული კიდევ ერთი შუამდგომლობა, მოსარჩელე მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამ მიზეზით დააყენეს "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც.
"თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საქმის შედეგით და ან კომპეტენცია არ გაქვთ, ან დავალება გაქვთ მიღებული. თქვენ ჩვენ არ გვისმენთ და მიდიხართ წინასწარ დასახული მიზნისკენ. ამის გამო ვაყენებთ თქვენი აცილების შუამდგომლობას", - მიმართა "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს.
აღნიშნულზე თამაზ ურთმელიძემ ადვოკატებს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი პათოსი არის პოლიტიკური.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა ასევე დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსამართლეს დაუშვებლად ეცნო, თუმცა თამაზ ურთმელიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო ამ წუთებში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. პროცესზე "რუსთავი 2"-ის ლოგოს შექმნის შესახებ ვიდეორგოლი უჩვენეს.