პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ტელევიზია არსებობდეს და მედია გარემო სრულიად თავისუფალი იყოს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი ხელისუფლების პირობებში ტელევიზიის გახსნის პროცედურები კიდევ უფრო გამარტივდა და მისი თქმით, ეს სრულიად ეწინააღმდეგება საუბრებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის საქმეში შეიძლება რაიმენაირად ერეოდეს.
„რომელ ხელისუფლებას, მითუმეტეს ჩვენისთანა დემოკრატიულს, უნდა აწყობდეს 3 წლისთავზე ამგვარი ქმედებების განხორციელება. ამაში ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაინახავდა რაიმე რაციონალურ აზრს. რატომ უნდა მოუნდეს ეს ჩვენს ხელისუფლებას მაშინ, როცა ასე გაამარტივა საქართველოში ტელევიზიის გახსნის პროცედურები. რა აზრი აქვს, დავუშვათ თეორიულად, რომც ჰქონდეს ვინმეს აზრი „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების, რა აზრი აქვს ამას. ჩვენს ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას, მეტი თავისუფლება იყოს, მეტი სააგენტო, მეტი გაზეთი არსებობდეს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ სიმართლე გაიგოს და მეტი ინფორმაცია მიიღოს. კიდევ ერთხელ მინდა მტკიცედ განვაცხადო ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს შეიზღუდოს მედიასაშუალებების ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ტელევიზიებში გასულ ძალიან სუბიექტურ სიუჟეტებს. მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, მეათეხარისხოვანია“, - განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.