„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხალვაში უშედეგოდ ცდილობდა სამართლის პოვნას“

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხალვაში უშედეგოდ ცდილობდა სამართლის პოვნას“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაშმა ბოლო 3 წლის განმავლობაში პროკურატურას არაერთხელ მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა ვერ მიიღებს ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“-ისა და ქიბარ ხალვაშის დავაში, რაიმენაირად არის ჩართული.

„ბატონი ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას და დარღვეული უფლებების აღდგენას. მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება ამ ფაქტზე. პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ამ დრომდე. ჩვენ არ ჩავრეულვართ არცერთ საქმეში, ასე რომ, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესებში მთავრობაა ჩართული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.