მე არ ვიცი "რუსთავი 2" დღეს თავისუფალია თუ არა, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, - ამის შესახებ დღეს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ქიბარ ხალვაში "რუსთავი2"-ს დაიბრუნებს, იქნება თუ არა "რუსთავი2" უფრო თავისუფალი, ვიდრე ის დღეს არის, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს არ არის მისი შესაფასებელი და განსასაზღვრი.
"მაქვს ჩემი პირადი აზრები და პოზიცია, რომელსაც ჩემთვის შევინახავ, ეს არ მიშლიდა ხელს არასდროს, რომ ინტერვიუ მივცე ამა თუ იმ ტელეკომპანიას, ამა თუ იმ ფორმით ვითანამშრომლო რა ფორმითაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა თანამშრომლობდნენ. თავისუფალი მედია არის ნებისმიერი ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რომელზეც შენდება დემოკრატიული სახელმწიფოები და ინსტიტუტები. თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი 2004 წლიდან მოყოლებული ქართული ოპოზიციისათვის, რომელსაც მაშინ მეც მივეკუთვნებოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დავუპირისპირდი. სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიები ერთმანეთის მიყოლებით მესაკუთრეებს კარგავდნენ და შემთხვევით, მე არავის არ ვაბრალებ, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხდებოდა ამ ტელევიზიების მესაკუთრე და ხან რომელიმე მინისტრი და ხან რომელიმე მინისტრის ცოლის ძმა. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ადგილი არც ერთი დღე არც ერთ მთავრობაში არ იქნება, რომელიც თავისუფალ სიტყვას დაუპირისპირდება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზაცია, რომელიც ეხება როგორც სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, კანონის უზენაესობას და კიდევ რამდენიმე ასეთივე ფუნდამენტურ ღირებულებას და უფლებას.