ირაკლი ალასანია:  ხელისუფლება არ არის კომპეტენტური, გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები

ირაკლი ალასანია: ხელისუფლება არ არის კომპეტენტური, გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები

მსოფლიოს ბანკის მიერ მომზადებულ "ბიზნესის კეთების" (Doing Business) 2016 წლის რეიტინთან დაკავშირებით დღეს ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა.

,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება არ არის კომპეტენტური, რომ გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები, ამასთან ერთად, მას არა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა.

,,მე მაქვს ერთი კრიტერიუმი, რომელიც არც მსოფლიო ბანკს არა აქვს დღეს და არც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, ხალხის განწყობა და მოსახლეობა რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის კომპეტენტური, რომ გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩემთვის რეიტინგები არ არის მთავარი, მთავარი არის ის თუ რას ფიქრობს ხალხი და როგორ გრძნობს თავს. დღეს კეთილდღეობა არ შეეხო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ერთი და იგიგე ხალხი აკეთებს ფულს, ერთი და იგივე ხალხი აკეთებს ბიზნესს, ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მოსახლეობის მეტ ნაწილს შეეხოს ეკონომიკური წინსვლა, წინსვლა შეეხება იმ შემთხვევაში თუ კი ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების ხედვა. ჩვენ ვაშენებთ, დღევანდელი მთავრობა, სახლს, რომელსაც არა აქვს არც საფუძველი და არც გეგმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება გეგმაზომიერად განვავითაროთ ეკონომიკა და გვექნება თანხა უკვე იმისთვის, რომ გვქონდეს განათლება, გვქონდეს ჯანდაცვაც და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.