პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული მედიის მიმართ სპეციალური განცხადება გააკეთა.
"მსურს განცხადება გავაკეთო არა მხოლოდ ბოლო დღეებში, არამედ, ბოლო წლებში ქართულ მედიაში განვითარებულ მოვლენებზე. მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემისა ჟურნალისტების მიმართ, სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვა როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ.
თავისუფლების ის ხარისხი, რაც დღეს საზოგადოების ყველა სფეროში აშკარად იგრძნობა, საამაყოა ჩვენთვის. მთავარია, თავისუფლება თავნებობაში არ გადავზარდოთ.
დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტყვეობაშია. ხალხმა არ იცის რა კეთდება რეალურად საქართველოში, რამდენი ახალი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მცხეთაში ქალაქის მერთან ერთად მოვინახულეთ მიმდინარე მშენებარე პროექტები, რომელიც უშუალოდ წინასაარჩევნო დანაპირები იყო: კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი, მრავალპროფილური საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, ფეხბურთის მოედანი და ასე შემდეგ. სულ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ახალი პროექტები. რათქმაუნდა, ვთხოვეთ ქართულ ტელევიზიებს, რომ ეს ფაქტი გაეშუქებინათ. მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია იყო წარმოდგენილი.
ასევე, რამდენიმე დღის წინ დუშეთში, დაიწყო როშკა-არხოტის გზის მშენებლობა. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც კავკასიონის ქედზე გადის. ეს ინფორმაცია საერთოდ არ მიწოდებია მოსახლეობას. უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები, მაგალითად დემოგრაფიაში, ის, რომ შემცირდა აბორტები, გაიზარდა შობადობა, რომ ჩვენ იმაზე მეტნი ვართ ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით, რომ დღეს უფულობის გამო ქუჩაში ადამიანი აღარ იღუპება.
დაახლოებით ათი დღის წინ, ჯანდაცვის კომიტეტმა წარადგინა ახალი კანონპროექტი ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ. ეს კანონპროექტი თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ცდება ჯანდაცვის თემატიკას და საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი ხდება. მიუხედავად ამისა, მედიასაშუალებებით ეს თემა სათანადოდ მაინც არ გაშუქებულა.
თითქმის ყოველ დღე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები მიმდინარეობს. მედიასაშუალებების დიდი ნაწილი თვლის რომ ეს ხელისუფლების პიარია და ამ ფაქტებს არ აშუქებენ. აქ არის სწორედ პრობლემა. რაც არ უნდა კერძო იყოს ტელევიზია, თუკი პრეტენზია გაქვს პროფესიონალიზმზე, ის უნდა ემსახურებოდესს ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს.
როდესაც გსურს ხალხის ხმა გააგონო ხელისუფლებას, ასეთივე მონდომებით უნდა გსურდეს ხელისუფლების ხმა გააგონო ხალხს.
ყველა ტელევიზიას, მათ შორის "რუსთავი 2"-ს და ასევე მათ, ვინც აკვიატებულად იმეორებს, რომ არაფერი კეთდება, ნებისმიერ დროს ვიწვევ მცხეთაში და დასკვნები ამის შემდეგ თავად გააკეთონ.
წინასწარ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, ამ განცხადებას უყურადღებოდ არ დატოვებთ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.