„ექსპერტის დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის გაქარწყლებული“

„ექსპერტის დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის გაქარწყლებული“

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დაკითხვა დასრულდა.

პროცესზე შესვენება გამოცხადდა, რომლის დასრულების შემდეგაც მხარეები შეჯიბრობითობის ეტაპზე გადავლენ.

როგორც ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, ექსპერტმა დაკითხვის დროს ამომწურავად უპასუხა ყველა კითხვას.

„ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეები ვართ და რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე მხარე ფიქრობს, რომ ის დასკვნა, რომელიც ექსპერტმა წარმოადგინა, სათანადოდ არ არის შედგენილი. ექსპერტს არაერთი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც ჩემი აზრით, მან ამომწურავად უპასუხა. ვთვლი, რომ არცერთი მტკიცებულებით, გარემოებით თუ არგუმენტით, ის დასკვნა, რაც სასამართლოშია წარმოდგენილი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის გაქარწყლებული“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოპასუხე მხარესაც გამოეხმაურა, სადაც „რუსთავი 2“-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ დასკვნაში ჩაწერილი ტერმინი „საორიენტაციო ფასი“ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება და მის ნაცვლად უნდა ეწეროს საბაზრო ფასი.

პაატა სალიას თქმით, ის აღნიშნული სფეროს სპეციალისტი არ არის, ის იურისტია, თუმცა აცხადებს, რომ საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა ყოველთვის რთულია და სწორედ ამიტომ დაიწერა დასკვნაში „საორიენტაციო ფასი“.

სასამართლო პროცესზე ექსპერტს კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე უსვამდა. „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა ის დოკუმენტაციები ჩამოთვალა, რომელიც ექსპერტს მოსარჩელე მხარისგან ჰქონდა გამოთხოვილი. ეს არის წესდება, კომპანიის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის ბალანსი, მოგება-ზარალის დაანგარიშება, დებეტებისა და კრედიტორების შესახებ ჩამონათვალი, ბალანსზე დარიცხული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი და სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ ინფორმაცია.

ადვოკატის კითხვაზე - მიიღო თუ არა ექსპერტმა მოსარჩელე მხარისგან ყველა ეს ინფორმაცია, ექსპერტმა უპასუხა, რომ მას ჩამოთვლილთაგან მხოლოდ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სხვა კომპანიებში წილს არ ფლობდნენ. შესაბამისად, ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, რომ ექსპერტის მიერ მოთხოვნილი 8 ტიპის დოკუმენტაციიდან, მას მხოლოდ სრულად 1 დოკუმენტაცია გადაეცა და ეს არის წესდება.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნა ეფუძნება წარმოდგენილ დოკუმენტაციას, თუმცა მას ამ დოკუმენტაციის სისწორე არ დაუდგენია.