„რუსთავი 2“-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, სამხარაულის ბიუროს ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა სრულიად უსუსურია.
როგორც მურადაშვილმა ექსპერტის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, მისი მომზადებული დასკვნა არაკომპეტენტურია და არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელზეც ექსპერტი აპელირებს. ადვოკატის განმარტებით, ექსპერტის მიერ „რუსთავი 2“-ის ქონების შეფასებისას ნახსენებია საორიენტაციო ფასი 6 მილიონი ლარი.
მურადაშვილის თქმით, კითხვაზე, თუ რას ნიშნავს საორიენტაციო ფასი, ექსპერტი პასუხს ვერ სცემს. მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტები ტერმინ „საორიენტაციო ფასს“ არ სცნობს და შესაბამისად, ეს ტერმინი ექსპერტის გამოგონილია.
„ის დასკვნა არის უსაფუძვლო და ყალბ დოკუმენტებს ეფუძნება. დასკვნა გაკეთებულია დაჩქარებული წესით 1 სამუშაო დღეში. დასკვნა ორიენტირებულია მოსარჩელის სასარგებლოდ. ის ფასი, რომელიც ექსპერტმა დაასახელა, სანდო ვერ იქნება, იმიტიმ, რომ ექსპერტი არის არაკომპეტენტური. ის მოტივირებული იყო, მოსარჩელეთა სასარგებლოდ გაეკეთებინა დასკვნა. შესაბამისად, სასამართლომ წესით ის არ უნდა მიიღოს მხედველობაში და ეს მტკიცებულება აუცილებლად უნდა ამოირიცხოს საქმიდან“, - განაცხადა მურადაშვილმა.
ადვოკატი ფიქრობს, რომ მოპასუხე მხარე შუამდგომლობას დააყენებს აღნიშნული დასკვნის საქმიდან ამოღების თაობაზე, თუმცა შუამდგომლობის დაყენებამდე, მოპასუხე მხარე დაკითხვის დასრულებას დაელოდება.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღს მორიგი პროცესი იმართება. დღეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტი იკითხება.