"ისლამურ სახელმწიფოში" შემავალ ათამდე "ბანდფორმირებაში" საქართველოს მოქალაქეებიც არიან გაწევრიანებულნი. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვში, დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა უშიშროების ორგანოებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს 39-ე სხდომაზე განაცხადა.
"ისლამურ სახელმწიფოში" შემავალი 10-მდე ბანდფორმირება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოთა მოქალაქეებისგან შედგება", - განაცხადა ბორტნიკოვმა.
მისი მტკიცებით, "ისლამურ სახელმწიფოში" 100-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქე იბრძვის, "დაქირავებულ მებრძოლთა" რაოდენობა კი, დაჯგუფებაში 40%-ს აღწევს.
ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხის გამო საჭიროა დსთ-ს ქვეყნების საზღვრების გაძლიერება.
დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან დღეს შეხვედრას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამართავს.