მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები... უხერხულია, - ასე ეპასუხება სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს , რომელმაც დღეს მედიასთან ტელეკომპანია "იმედში" ინგა გრიგოლიას თოქ-შოუების დახურვის გამო კომენტარი გააკეთა.
"ფეისბუქის" სტატუსში ინგა გრიგოლია ჟურნალისტებს და ივანიშვილის მრჩევლებს კითხვებით მიმართავს, რატომ არ შეახსენეს ივანიშვილს, რომ ინგა გრიგოლიამ 2012 წლის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არჩევნების წინ მოხსნა.
"უკაცრავად, რომელიმე ჟურნალისტს რომ შეეხსენებინა ივანიშვილისთვის, რომ მე კანდიდატურა ჩემით მოვხსენი არჩევნებამდე, არა? გიპასუხათ და არც ერთს არ გაგახსენდათ კონტრშეკითხვად ეს ამბავი? და რომ საკუთარი ნებით ვთქვი უარი არჩევნებში მონაწილეობაზე? თუ თავად არ იცის, მრჩეველმა მაინც ვერ შეახსენეს ეს ამბავი, არასწორს რომ ამბობდა? ... როგორია ჩემი რეაქცია? - ბატონ ივნიშვილს არ ჰქონია ზუსტი ინფორმაცია, როგორ დავბრუნდი ჟურნალისტიკაში და როდის მოვხსენი კანდიდატურა.... მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები... უხერხულია.პ.ს და კიდევ ერთი, გადაცემა რატომ დაიხურა, ეს რა კავშირში იყო იმასთან, რაც მან თქვა? მოკლედ - ჟურნალისტებო, სხვა დროს, ჩემს თემაზე კითხვას თუ დასვამთ, მკითხეთ წინასწარ და უფრო გამართულ არგუმენტებს მოგაშველებთ ხოლმე", - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინგა გრიგილია.
"ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა და განმარტა, რას გულისხმობს იძულებით დაბრუნების ფორმაში - "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად ინგა გრიგოლია, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.
იმ საკითხის კომენტირებისას, რომ ინგა გრიგოლიამ თავად მოხსნა კანდიდატურა არჩევნებში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვს და თუ ასეა, გრიგოლიას ეყო ჭკუა, ეს გაეკეთებინა, ვინაიდან "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებშია ფიასკო განიცადა.
ივანიშვილმა ეს განცხადება თოქ-შოუების დახურვის თემის კომენტირებისას და ინგა გრიგოლიას იმ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამაში ექსპრემიერი ჩართულია.