ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით გამყრელიძე ალბათ განიცდის, როცა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე ისაუბრა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებობდნენ.
"გიორგი თარგამაძეს სინდისი ეყო და წავიდა პოლიტიკიდან, ისევე როგორც პოლიტიკიდან წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე. დღეს "ახალი მემარჯვენეები" ისეთივე ფილიალად მოიხსენიებიან "ნაციონალური მოძრაობის", როგორც – "ლეიბორისტები". გამყრელიძე ალბათ, განიცდის, რომ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ახალი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე. გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი, მოულოდნელი იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.