ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვაში მას არავითარი წვლილი არ მიუძღვის.
როგორც ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თოქ-შოუები იხურება, რომელიც შემდეგ ახლით იცვლება და ეს კონკრეტული არხის პოლიტიკაა. ექს-პრემიერი ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
„ახალ ელჩთან მქონდა შეხვედრა და მანაც მიხსენა ეს თემა, მათ შორის GDS-ის თემაც, რაც ძალიან გამიკვირდა. GDS-მაც დახურა შოუ, თუმცა როგორც ვიცი, განახლებული გადაცემა უფრო ეფექტური იქნება და ორშაბათიდან გავა. ეს პროცესი ნორმალურია. ერთი პროქტი იხურება და მეორე შეიძლება ჩაეშვას. ინგა გრიგოლიას სურს, რომ მისი თოქ-შოუს დახურვა მე მომაწეროს, უნდა ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს მე მას ვებრძვი. რა თქმა უნდა, ამაში ობიექტური არაფერია, გარდა იმისა, რომ თავის დროზე მის კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა. როდესაც გრიგოლია ერთ-ერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მე პარტიები ვამხილე. მაშინ გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატობის მანდატი. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ და მე ვფიქრობ, რომ მისთვის საბედნიეროდ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლით სრულიად შეიცვალა სიტუაცია და მე ის ჟურნალისტიკაში დავაბრუნე. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ 1%-იც ვერ აიღო და მისთვის არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ეცალა“, - განაცხადა ივანიშვილმა.