„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ითვალისწინებს იმ ნორმების გაუქმებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებად მიცემას გულისმობს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რადგან დარჩენილია 2 ინსტანცია და ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.
„სარჩელი ითვალისწინებს იმ ნორმის გაუქმებას, რომელიც ეხება დაუყოვნებლივ აღსრულებად მიცემას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების და რომელიც ძალიან ფართო დისკრეციას ტოვებს სასამართლოსთვის, ისე, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს საქმის სამართლებრივი ბედი. მოგეხსენებათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, კიდევ 2 ინსტანციაა დარჩენილი და ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს“, - განაცხადა გვარამიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა საკონსტიტუცია სასამართლოს იმედი, გვარამია აცხადებს, რომ იმედი რომ არ ჰქონდეს, არ მიმართავდნენ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანის, საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის განცხადებაში.