პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი სასამართლო პროცესებს ვერ დაესწრება, რადგან შესაძლოა, ეს სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეფასდეს.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის თხოვნა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი მიმდინარე სასამართლო პროცესებს დაესწროს და მას მონიტორინგი გაუწიოს, ვერ შესრულდება.
ამასთან, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ საქმეს თვალს მიადევნებს.
„ჩვენი წარმომადგენელი სასამართლო პროცესებს ვერ დაესწრება, რადგან ეს იქნება აღქმული, როგორც სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ცხადია, ეს ნაბიჯი ჩვენგან არცერთ შემთხვევაში არ იქნება გადადგმული. ამ კუთხით, მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ეს არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საქმე, ამიტომ, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ ამ პროცესებს“, - განაცხადა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტმა ქიბარ ხალვაშს დახმარება აღუთქვა, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეეცდება, რომ პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართოს, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.