საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანია აღნიშნულთან დაკავშირებით მიცემული პასუხისგებაში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და ასევე ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან ერთად, მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას ამ კატასტროფულ ვიდოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, არ იყო ერთეული და იყო სისტემური. რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებდა ან წარმოებს სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში, - საზოგადოებას ეს აინტერესებს, რათა ჩვენ გაგვიმყარდეს განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები არიან სამართლიანად დევნილნი და მათ საზოგადოება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს არ შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.