ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში მივიდა.
გვარამიას განცხადებით, მისთვის არავის განუმარტავს რატომ დაიბარეს, უბრალოდ აცნობეს, რომ მასთან დამატებითი კითხვები აქვთ.
„ჩემთვის არავის განუმარტავს რატომ დამიბარეს. მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ. ჩემთვის რაც ცნობილი იყო და როგორც მოხდა ეს ყველაფერი, მოვყევი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ და რის არა, ეს მისი საქმეა, მე ამაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევი. ერთადერთი ვიცი დანამდვილებით, მოვა დრო და ალექსი ახვლედიანი მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და კიდევ უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია“, - განაცხადა გვარამიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოიტყუა თუ არა ალექსი ახვლედიანმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ თავად არ იტყუება.
„მე არ მინახავს მისი ჩვენებები. მე ვიცი, რომ მე არ მოვიტყუე. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, შეხვდა თუ არა მას ალექსი ახვლედიანი, გვარამია აცხადებს, რომ შეხვედრა არ მომხდარა და ალექსი ახვლედიანი მას არ დაკავშირებია.