გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "მთავრობის მიერ პოპულარული ტელეკომპანიის მითვისება დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიაზე".
სტატიაში, რომელიც "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო კოლეგიის სახელით გამოქვეყნდა, მიმოხილულია 2012 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.
"ახალი მთავრობა, პოპულისტი მილიარდერის ხელმძღვანელობით, ცდილობდა არჩევნებში დამარცხებულების, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობას. თუმცა, ხშირად, მათ ქმედებებს ზეწოლის გზით ზღუდავდა დასავლეთი, მათ შორის ევროკავშირი, რომელთანაც საქართველომ შარშან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა", - ნათქვამია სტატიაში.
"ვაშინგტონ" პოსტი წერს, რომ "პოპულარობის შემცირებისა" და არჩევნების მოახლოების ფონზე, "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ და ამის მაგალითად "რუსთავი 2"-ის საქმე მოჰყავს.
გამოცემა წერს, რომ ქართველ პოლიტიკურ აქტივისტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს მედიის თავისუფლების სფეროში არ სჯერათ საქართველოს მთავრობის იმ განცხადების, რომლის მიხედვითაც მას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს.
"მათი სკეპტიციზმი უფრო გამყარდა გასულ კვირას, როცა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს "რუსთავი 2"-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის მანქანა უწოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია "კრიმინალური ორგანიზაციაა", რომელსაც პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არა აქვს", - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი "აგრესია" გასაგები ხდება NDI-ს გამოკითხვის შედეგების ჭრილში, რომელმაც ცხადყო, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამასთანავე, "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, რაც ქვეყანას უნიკალურს ხდის რეგიონში, სადაც კორუმპირებული ავტოკრატია ნორმას წარმოადგენს.
"საბედნიეროდ, ამ საქმეში დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ", - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის განცხადებებს იხსენებს.
"რჩება შთაბეჭდილება, თუ "რუსთავი 2"-ზე ზეწოლა გაგრძელდება, საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ დასავლეთის მთავრობებთან და ინსტიტუციებთან საქართველოს კავშირებსაც", - ნათქვამია სტატიაში.