სკოლებში „მეწარმეობის“ სწავლება კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება

სკოლებში „მეწარმეობის“ სწავლება კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება

მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლებში „მეწარმეობის საფუძვლები“ არ ისწავლება, არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლებში მეწარმეობის  განვითარებისა და ამ საგნის სავალდებულო სწავლების  შემოღების მიზნით, 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში  სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ასამაღლებლად, დარგის კომპეტენტური სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა და დამტკიცდა „მეწარმეობის საფუძვლების“ განახლებული საგნობრივი სტანდარტი, რომელიც  ორიენტირებულია როგორც მოსწავლის ინფორმირებაზე, ასევე პრაქტიკული  სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის დასრულებამდე, საგანი არჩევითია,  რამდენადაც  საშუალო საფეხურის კურიკულუმის კომპლექსური გადამუშავება მიმდინარეობს,  ამასთან, ყველა სკოლაში  სავალდებულო საგნად შემოღება შესაბამისი პედაგოგიური  რესურსების მომზადებას მოითხოვს. თუმცა, ეს პროცესი დაწყებულია და   ეტაპობრივად ხორციელდება.

2014-2015 სასწავლო წელს, არსებული და პილოტირების პროცესში მყოფი სასწავლო რესურსებით „მეწარმეობის“ სწავლება 100-მდე სკოლაში მიმდინარეობდა. 2015-2016 სასწავლო წელს კი, „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლებაზე გადაწყვეტილება მიიღო  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 226-მა სკოლამ  მოსწავლეების სურვილის შესაბამისად და სკოლაში შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილების გამო.

სავაჭრო პალატის დაკვეთით, მომზადებულია საგნის სასწავლო რესურსი (სახელმძღვანელო), როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის კომპონენტით (ავტორ-შემდგენლები: ეკა გეგეშიძე, გიორგი ჭილაძე, ნინო ჭიაბრიშვილი), რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეაფასა. დღეისათვის, სკოლები ნაბეჭდი და ელექტრონული  რესურსებით სარგებლობენ თუმცა,  პალატა მას ბეჭდური გამოცემისათვის ამზადებს, რომელიც  პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს დაურიგდება.

შემუშავებულია  საგნის სწავლების სპეციფიკისა და სასწავლო რესურსის გამოყენების შესახებ ინსტრუქციები მასწავლებლებისთვის. მიმდინარე თვეში აღნიშნული სკოლების „მეწარმეობის საფუძვლების“ საგნის მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი.  ამავდროულად, გადაეცათ ე.წ. „ჰენდაუთები“ სასწავლო რესურსის სახით.

სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის გავრცელების შემდეგ, „მეწარმეობის“ ელექტრონული  რესურსი პალატის მიერ  ინტერნეტში განთავსდება და სარგებლობა ნებისმიერ პირს შეეძლება.