ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა არც მე არ მომეწონა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება ზედმეტად ემოციური იყო, მაშინ, როცა როგორც პრემიერ-მინისტრს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
"ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს. მე მგონი დღითიდღე იზრდება და კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი გამოსვლა არც მე არ მომეწონა. მას ზედმეტი ემოციურობა ახლდა. როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ითვალისწინებს ირაკლი ღარიბაშვილი მის რჩევებს, ყოფილი პრემიერის თქმით, საკუთარ თავს არ აკადრებს, რომ ღარიბაშვილს "ზედმეტი მიანიშნოს".
"რაც შეეხება იმ პრეტენზიებს რაც თქვენ გაქვთ, რომ იქნებ ირაკლი უფრო მემორჩილება - ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემ თავს, რომ ზედმეტი მივანიშნო. აი თუ გნებავთ ეს მაგალითიც ავიღოთ - რამდეჯერმე მითხოვია მისთვის, მოერიდე ემოციურობას, მაქსიმალურად პრაგმატული იყავი-მეთქი, მაგრამ გაითვალისწინა? – ახალგაზრდაა", - განმარტა ყოფილმა პრემიერმა, რომლის შეფასებითაც, ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია.