”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც ბოკერიამ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა , მისი დაკითხვაზე დაბარება აგონიისა და ბოდვის გაგრძელებაა.
"ეს ყველაფერი იქნებოდა იუმორის საკითხი, რომ არა მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, რომლიდანაც გამოსავალს ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ესაა პრობლემა და არა ცალკე აღებული დაკითხვაზე დაბარება. ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ ქმედებებით შეძლებს იმ ძალების განეიტრალებას საზოგადოებაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში ხელს შეუშლიან. მას სხვა არანაირი შანსი არა აქვს მინიმალური დემოკრატიის პირობებში ჩატარებული არჩევნების დროსაც კი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ეს არის ილუზია და ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს.
"თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილთან უამრავი შეხვედრა შემდგარა და იგი მხოლოდ იმ შეხვედრას არ ადასტურებს, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული.
"ერთი შეხვედრა კი არა, უამრავი შეხვედრა შედგა. მიკვირს, საერთოდ რომ გაჩნდა სერიოზულად კითხვები ამ ბოდვაზე. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, თანაც ნაჩქარევად გაკეთებული. არანაირი ძალისხმევაც კი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ მიამსგავსონ რაღაცას. ეს ყველაფერი არის ნაწილი ივანიშვილის მცდელობისა, რომ ასე უპასუხოს იმ გამოწვევას, საზოგადოებაში ნდობის დაკარგვას და ამაში ხედავს გამოსავალს, რაშიც ძალიან მწარედ ცდება. თუ მომცემენ საშუალებას, მივაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და რას აკეთებს ივანიშვილი. ასევე როგორ ცუდ დღეში არიან ისინი, ვინც ახლა სულელური კითხვები უნდა დამისვას", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა.
ე.წ.მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მივიდნენ.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.