ჩვენ არაფრის ფასად არ დავთმობთ ერთ გოჯ მიწასაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში სტუმრობისას განაცხადა.
ამ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, თუმცა მისივე აზრით, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა "გონივრული პოლიტიკით და არა აგრესიული რიტორიკით" უნდა მოვახერხოთ.
"ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ბოლომდე ღირსეულად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. არაფრის ფასად ქართველი კაცი, არასდროს არ დათმობს არც ერთ გოჯ მიწას. მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ გონივრული პოლიტიკით და არა ყვირილით, აგრესიული რიტორიკით. ამას სახელმწიფოები ახერხებენ სხვანაირად - მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით და გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით", - აღნიშნა პრემიერმა.