გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კატეგორიულად უარყოფს იმ დიალოგის არსებობას, რაც ე.წ უკრაინულმა "ვიკილიქსმა" გაავრცელა.

ბოკერიას თქმით, შეხვედრა 19 ოქტომბერს შედგა, როდესაც პარტიის სხვა წევრებთან ერთად მადრიდიდან ბრუნდებოდა, სადაც სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა.

"ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა. სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები და საუბრები. ასე რომ, აქ აღსანიშნავი რა არის, ვერც კი ვხვდები, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, რაც მოვისმიენთ. მე დღეს ღამე მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე ამასაც არ მოყვეს დამატებითი ბოდვა", - განმარტა გიგა ბოკერიამ. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, არანაირი შეთქმულება არ იგეგმება.

"ბატონი მიშა და ბატონი გიგა ნამდვილად შეხვდნენ. ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. ეს არის მხოლოდ მათი შიშები, დაკავშირებული იმასთან, რომ "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება უნდათ", - განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ზომები მიიღო.