თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ყველანაირი მცდელობა განწირულია

თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ყველანაირი მცდელობა განწირულია

თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ყველანაირი მცდელობა განწირულია, - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, "რუსთავი 2" არის სიმბოლო საქართველოში თავისუფლების და თავისუფალი სიტყვის.

"ყველანაირი მცდელობა თავისუფალი სიტყვის არის განწირული. თავის დროზე როდესაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ტელეარხი, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა, დაიხურა დროებით, რამდენიმე დღით, მაშინ მე გადავდექი. თუ ასეთ რამეზე მიდიხართ და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ამას აქვს ძალიან დიდი შედეგები, ხელისუფლებისთვის პირველ რიგში. ამიტომ, არავის არ ვურჩევ მით უმეტეს "რუსთავი 2"-ზე შეხებას, რომელიც არის სიმბოლო საქართველოში თავისუფლებისა და თავისუფალი სიტყვის. ეს არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის და ყოველგვარი პარტიულობის და მიკერძოების გარეშე - სიმბოლო ახალი საქართველოსი. ამიტომ, აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პარტიაშია, ვის რა შეხედულებები აქვს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს მომავალი თუ საქართველო იყოს გაბანძებული და დამცირებული. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი და ამ მომავალს ჩვენ ვერანაირი გარე თუ შიდა ძალა ვერ წაგვართმევს. ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება დარჩება თავისუფლების და საქართველოს მხარეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვერანაირი მცდელობა საქართველოს ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას თავისუფალი სიტყვის სიყვარული. "რა თქმა უნდა, საქართველოს მძიმე დღეები უდგას, რა თქმა უნდა ისევ ცდილობენ უკან შეგვათრიონ იმ ჭაობში, საიდანაც ამოვძვერით, მაგრამ ვერანაირი მანიაკალური არსებები, ვერანაირი მცდელობა საქართველოს ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას თავისუფალი სიტყვის სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. "რუსთავი 2" მუდმივად იქნება თავისუფალი და საქართველო იქნება თავისუფალი, საზოგადოება იქნება თავისუფალი. ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის მტერს უნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცრუით მოსული ძალები, ბოროტებაზე და სიძულვილზე დაფუძნებული ძალები, თავისი არსით შინაგანად არიან ძალიან სუსტები და ამ მომენტში ისინი არიან განსაკუთრებით სუსტები. ამიტომ არ ღირს მათი შიში, მათ არაფერი არ უჭირავთ ხელში იმისთვის, რომ თქვენ დაგაშინონ. ჩვენ ვართ ძლიერები და ჩვენ ვიცით რა გვინდა, ჩვენ ანუ ქართულ საზოგადოებას. მე დიდი რწმენა მაქვს ქართული საზოგადოების სიბრძნის, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტიზმის და თავისუფლების სიყვარულის", - აღნიშნა სააკაშვილმა.