საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, დღეს შეხვედრა იქნება დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, შეიძლება კომუნიკაცია გაგრძელდეს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთანაც, იგივე, მედიის წარმომადგენლებთან.
"მზად ვართ, ასეთი შეხვედრები გავმართოთ, რომ მუდმივად გავზარდოთ სივრცე, სადაც დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. დიალოგი არის ამ შემთხვევაში ერთადერთი წამალი, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს და არა დაპირისპირების გზით, რომელიც შეიძლება ვიღაცეების ინტერესებში იყოს მართლა. ყველა მხარეს შესაძლოა რაღაც ამ ტიპის ინტერესები ამოძრავებდეს. ქვეყნის გარედანაც შეიძლება იყოს ასეთი ინტერესები, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული კონსულტაციების გამართვა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნა.