ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ საგანგებო განცხადებას.
დეპუტატი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შეფასებებს არ იზიარებს.
"პრეზიდენტის მოწოდება სამოქალაქო სიმშვიდისა და თანხმობისკენ აბსოლუტურად მისაღები და სწორია. პრეზიდენტს სწორედაც რომ ეს ევალება - კრიტიკულ მომენტში სწორი პოზიცია დააფიქსიროს. უბრალოდ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მე პრეზიდენტს განცხადების შინაარსს ვერ ვუკარნახებ და ვერც იმას ვიტყვი, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, რას ვიზამდი, მაგრამ თქმა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დაპირისპირების გაღვივების წინაპირობაა, ვფიქრობ, არაობიექტურია და გარდა ამისა, პრაგმატული თვალსაზრისითაც, მიუღებელია. თუკი მას რაიმე შენიშვნა და მოსაზრება აქვს, შეუძლია ამის თაობაზე დაელაპარაკოს პრემიერს და თუ ვინმეს განცხადება არ მოსწონს, სწორი განცხადება თვითონ გააკეთოს. დღეს რამდენჯერმე მკითხეს, ხომ არ იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე საღებავების გადასხმა? ასეთი დემარშები და თუნდაც აგრესიულობის გამოხატვა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო – ავიღოთ თუნდაც აშშ ან რომელიმე ევროპული ქვეყანა. თუკი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მოსაზრებას მივყვებით, თურმე ქართულ საზოგადოებას, პატარა თუ დიდ ჯგუფს არანაირად არ შეიძლება აღელვებდეს გამჟღავნებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ ადამიანებზე სასტიკად ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ. ეს დანაშაული სისტემური იყო. გამოდის, რომ ქართულ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის განაცხადება ან ვინმეს ორგანიზება სჭირდება იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე საკუთარი დამოკიდებულება და პროტესტი გამოხატოს. საჭირო იყო პრემიერ-მინისტრს ამ ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაექვა, მაგრამ ის ამავე დროს ვალდებულია შეინარჩუნოს წესრიგი და იმ პროცესის შეფასება, თუ როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს, ეს არის მოწოდება?! იმაზე, რაც საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა, პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, მერე რა, რაც მოხდა, მოხდა?!", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გია ვოლსკიმ.