ზაზა ბიბილაშვილი:   ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

ზაზა ბიბილაშვილი: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

მინდა დავამშვიდო "რუსთავი 2"-ის ყველა ქომაგი და გულშემატკივარი, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმეში აღარ არის მტკიცებულება, რომლითაც ობიექტური მოსამართლისთვის შესაძლებელი იქნებოდა დღევანდელი მფლობელებისთვის "რუსთავი 2"-ის წილის ჩამორთმევა.

"დღევანდელი პროცესის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქმეში აღარ არის მტკიცებულებები, რომლითაც ობიექტური მოსამართლისთვის შესაძლებელი იქნებოდა დღევანდელი მფლობელებისთვის "რუსთავი2"-ის წილების ჩამორთმევა. მათი კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი იყო ყვითელი პრესიდან ამონარიდები, ფოტო-ქსეროასლები. მათ არ წარმოუდგენიათ დედნები ამ დოკუმენტების, შესაბამისად, ეს გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი თარიღის ფოტოები ამოღებული იქნა საქმიდან. შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება იმის, რომ დღევანდელი მესაკუთრეები არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები, გარდა ქიბარ ხალვაშის პირადი მონათხრობისა, რომელსაც მისი წარმომადგენლები ახმოვანებენ, არ არსებობს. დარჩათ ე.წ. ექსპერტის დასკვნა, რომელიც ეფუძნება ყალბ დოკუმენტს, რასაც მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დავადასტურებთ. არანაირი მტკიცებულება აღარ არსებობს. მინდა დავამშვიდო ყველა ქომაგი, ყველა გულშემატკივარი "რუსთავი 2"-ის, რომ ჩვენ ამ საქმეში, როგორც გეუბნებოდით, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.