თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს.
კობახიძის თქმით, ის, რაც ხდება მიმდინარე სასამართლო პროცესთან მიმართებაში, გულისამრევია.
"ამ შემთხვევაში მე კარგად მესმის ნაციონალური მოძრაობის წევრების ისტერიის, იმდენად რამდენადაც მათ ნამდვილად არ ესმით და არ სიამოვნებთ თავისუფალი სასამართლოს არსი და ვინაიდან მათი შინაგანი ბუნებიდან და წარსულიდან გამომდინარე ვერ წარმოუდგენიათ, რომ სასამართლო შეიძლება იყოს თავისუფალი“,- აცხადებს კობახიძე.
მისივე განმარტებით, მიმდინარე პროცესი არის დავა კერძო პირებს შორის. კობახიძისთვის მისაღები მხოლოდ თავისუფალი სასამართლოს მიერ გამოტანილი დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნება.
„თუ რომელიმე მხარეს შედეგი არ დააკმაყოფილებს, მას კანონით აქვს მინიჭებული უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, შესაბამისად თემის ირგვლივ ატეხილი ხმაური არის პროვოკაცია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ემსახურება ვიდრე სამართლისათვის ბრძოლას. რაც შეეხება სასამართლოს, ყველას მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინაიდან ჩვენი ნებისმიერი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა და ზეწოლა. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ სასამართლო იქნებოდა თავისუფალი და დღეს ფაქტია რომ ეს პირობა შესრულებულია. იმედს ვიტოვებ, რომ ბატონ ურთმელიძეზე ვერ მოახდენს ზეწოლას ეს ბინძური კამპანია, იგი დაიცავს სასამართლოს იმიჯსა და მოსამართლის მუნდირს, იხელმძღვანელებს კანონით და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას",- აცხადებს თედო კობახიძე“,- აცხადებს თედო კობახიძე.