თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით წუხელ შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია მანამდე არ დასრულდება, სანამ პაპავა არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.
"ჩვენ შიმშილს მანამდე გავაგრძელებ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და ვლადიმერ პაპავა არ გადადგება. ჩვენ ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ყველას ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ყველაფრისთვის, რათა უნივერსიტეტის ინტერესები დავიცვათ", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, რადგანაც არსებობს უნდობლობა მხარეებს შორის. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საბაური აცხადებს, რომ ისინი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლიან.
პაპავას გადადგომის მოთხოვნით 25-მდე სტუდენტი შიმშილობს.
აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.