ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე, მოსარჩელე მხარის ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება მოხდეს.
ამის შესახებ სალიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს პირველად არ მოხდა მოპასუხის მხრიდან მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება.
„მე მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე მიზანმიმართულად ცდილობა მოსახდინოს სასამართლოს დისკრედიტაცია. მიზანმიმართულად ავრცელებენ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მათ მიერ გამოთქმული ეჭვი არ შეიძლება განხილული იყოს მოსამართლის აცილების საკითხად და ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს იმ სუბიექტურ და ობიექტურ წესს, რაც მოსამართლის აცილების შეფასებისთვის არის მიღებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე „რუსთავი 2“-ის მხარემ მოსამართლის აცილება კიდევ ერთხელ მოითხოვა, თუმცა მოსამართე თამაზ ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.