„ბადაშვილი მთავარი პროკურორის კრიტერიუმებს რა თქმა უნდა აკმაყოფილებს“

„ბადაშვილი მთავარი პროკურორის კრიტერიუმებს რა თქმა უნდა აკმაყოფილებს“

საპროკურორო საბჭოს კანდიდატის, რუსთავის რაიონული პროკურორის კონსტანტინე სირაძის განცხადებით, მომავალი მთავარი პროკურორი აუცილებლად უნდა იცნობდეს საქართველოს პროკურატურას.

როგორც სირაძემ პროკურორთა კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მთავარი პროკურორი აბსოლუტურად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს.

„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი საინიციატივო ჯგუფს ჩემი არჩევისთვის. რაც შეეხება მთავარი პროკურორის არჩევის კრიტერიუმებს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ კანდიდატი კარგად იცნობდეს საქართველოს პროკურატურას, უნდა იყოს ორიენტირებული მისი შემდგომი განვითარებისთვის, არ უნდა იყოს უცხო პროკურატურისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური კვოტისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატისთვის პრიორიტეტი იყოს თითოეული პროკურორის შემდგომი პროფესიული განვითარება და პროკურატურის, როგორც სისტემის, წარმატებული ფუნქციონირება და სამაგალითო უწყებად გადაქცევა“, - განაცხადა სირაძემ.

კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა მოქმედი მთავარი პროკურორი ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, საპროკურორო საბჭოს კანდიდატმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს.

„როგორც ვიცი, საუბარია მხოლოდ სტაჟზე. მას პროკურორად მუშაობის 5-წლიანი სტაჟი არ აქვს“, - განაცხადა სირაძემ.