საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 პროკურორი კანდიდატის ვინაობა, საიდანაც რვა უნდა აირჩიონ, უკვე ცნობილია. როგორც პროკურორთა კონფერენციაზე მთავარი პროკურორის წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 17 კანდიდატი 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელდა. მისივე განმარტებით, თითოეულ საინიციატივო ჯგუფს არაუმეტეს ორი კანდიდატის წარდგენის უფლება ჰქონდა.

უფრო კონკრეტულად: მთავარი პროკურატურის პირველ კვოტაზე წარდგენილნი არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორორები გიგა ძნელაძე და ნანა ხუნჯუა. მეორე კვოტაზე - უწყების საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე. მესამე კვოტაზე დასახელდნენ მთავარი პროკურორის დეპარტამენტის პროკურორი დავით ბუკია და აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნომერ მეოთხე კვოტაზე კი - ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების მეხუთე კვოტაზე წარდგენილნი არიან: თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე და რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურის ნომერ მეექვსე კვოტაზე - თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბუნიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურების ნომერ მეშვიდე კვოტაზე დასახელდნენ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი გიორგი ბაჩიაშვილი და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების მე-8 კვოტაძე კი წარდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქეთევან თალაკვაძე, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ფიფია.

პროკურორთა კონფერენცია დასახელებული 17 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს წევრ 8 პროკურორს, სავარაუდოდ, ხვალ აირჩევს.