პრობლემაა ის, რაც დღეს ხდება - დღევადელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც სადისტების დაჭერის ნაცვლად გამოდიან და ქუჩაში საჯაროდ ახდენენ კადრების დემონსტრირებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წამების ამსახველი ვიდეო კადრების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა, უკვეთავდა და იღებდა კადრებს, ყველა კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
"ორი აზრი არ არსებობს - ეს იყო სირცხვილი და დაღი, რაც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომდე გაყვება იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. ყველა, ვინც მონაწილეობდა, უკვეთავდა და იღებდა კადრებს, ეს ადამიანები უნდა იყვნენ კანონის სიმკაცრით დასჯილები. არ გავურბივარ არც იმის თქმას, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი წარსულისა, რომელიც დიდხანს გაყვება, როგორც პარტიას და ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ მეორე პრობლემაა ის რაც დღეს ხდება - დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ის ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან ქუჩაში და საჯაროდ ახდენენ კადრების დემონსტრირებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.