„ახალგაზრდა ადვოკატები“ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „გაზპრომის“ თანამშრომლობის დამადასტურებელ 2 ხელშეკრულებას სწავლობენ.
როგორც კაიკაციშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ორგანიზაცია ენერგოუსაფრთხოების საკითხის შესწავლით დაინტერესებულია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ისინი 2 ხელშეკრულებას სწავლობენ, რომლებიც 2007 წლის 29 აგვისტოს და 2007 წლის 5 ოქტომბერსაა დადებული „გაზპრომთან“ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ მიერ.
„ვსწავლობთ ერთ-ერთ შემთხვევას, რომელიც ახლახან გახდა ორგანიზაციისთვის ცნობილი. ჩვენ გვესმის მოსაზრებები და ბრალდებები მოქმედი ხელისუფლების მიმართ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ბრალდებები უკავშირდება ძირითადად იმ საკითხს, რომ მოქმედი ხელისუფლების სურვილია კონტაქტების გაჩენა „გაზპრომთან“ მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები მათი მმათველოობის დროს დაშვებული არ იყო, მე კი მინდა მოგახსენოთ, რომ გვაქვს უტყუარი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც აბსოლუტურად ცალსახად სხვა რეალობა და სხვა გარემოება მტკიცდება. 2 ხელშეკრულება, რომელიც 2007 წლის 29 აგვისტოსა და 2007 წლის 5 ოქტომბერსაა დადებული. ხელშეკრულების მხარეები არიან „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტი“. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ არის სახელმწიფო კომპანია, ხოლო "ენერჯი ინვესტი“ კერძო ბიზნესმენის, გენო მალაზონიას კუთვნილი კომპანიაა, რომელიც წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნებაა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „ენერჯი ინვესტი“ გაზს სწორედ „გაზპრომიდან„ ყიდულობს და თვეების განმავლობაში „გაზისა და ნავთობის კომპანიას“ აწვდის", - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაცია სწავლობს აღნიშნული ხელშეკრულების სხვადასხვა მუხლებს და გარემოებებს. უახლოეს პერიოდში კი დეტალურად გამოაქვეყნებს ხელშეკრულების სამართლებრივ ექსპერტიზას.
„ენერჯი ინვესტს“ 350 მილიონი კუბური მეტრი უნდა მიეწოდებინა კორპორაციისთვის. 1000 კუბური მეტრი 160 დოლარად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფასი, რომელიც კითხვების და ეჭვების საფუძველს ტოვებს. აღნიშნული ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა არის შესასწავლი, ასევე სამართალურთიერთობაა საინტერესო საზოგადოებისთვის და იმავდროულად ის საკითხები, თუ რა პოლიტიკურ-სამართლებრივი მანიპულაციები დადგა აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების დროს, რომელმა მხარემ მოიგო, მოხდა თუ არა ფინანსური სარგებლის მიღება სახელმწიფოსთვის და კერძო კომპანიისთვის და ა.შ. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და როცა საუბარი, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, თითქოს, არ თანამშრომლობენ „გაზპრომთან“ ბუნებრივია, ეს 2 ხელშეკრულება ამტკიცებს, რომ ასეთ თანამშრომლობას ადგილი ჰქონდა“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.
ამასთან, არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად იქნება ჩართული ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და შეაფასებს ყველა დიალოგს და საფრთხეებს, რაც ამ საკითხის ირგვლის იქნება გაჟღერებული.