მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი შეუსაბამო პოლიტიკური ჩარევებისგან

მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი შეუსაბამო პოლიტიკური ჩარევებისგან

საქართველოს მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა იყოს ღია, დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური, გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი შეუსაბამო პოლიტიკური ჩარევებისგან, - ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, კარლო ნატალემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი ფართო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროცესში.

"დღეს ძლიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, რადგან ეს არის პროკურორთა პირველი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მთავარი პროკურორის არჩევის წესს. დიდი პატივია აქ ყოფნა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ ამ ღონისძიების თანადამფინანსებლები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ფართო მხარდაჭერას ვუცხადებთ ზოგადად ამ მიმართულებით რეფორმას. ჩვენი შეხედულებაა, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება იყოს ღია, დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური, გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი შეუსაბამო პოლიტიკური ჩარევებისგან. ამასთან დაკავშირებით მოხარული ვართ, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გასცა, ასახულია წესებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არის დეპოლიტიზებული, უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების დიდი ნაწილის გათვალისწინების მიუხედავად არსებობს რეკომენდაციებიც, რომელთა ასახვაც ცვლილებებში არ განხორციელებულა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის წესები, რომლებიც შემუშავდა და საბოლოო ფორმითაა ჩამოყალიბებული, აუცილებლად გაამართლებს, იქნება აუცილებლდ ეფექტური. თუმცა, ჩვენ ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყველა რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული და იგივე კანდიდატის ნომინაციის მიმართულებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალიან ძლიერი როლი აქვს. ეს კონკრეტული განაცხადი შეეხება კანდიდატის დამტკიცების ეტაპს, როდესაც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საბჭოს მიერ წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად მთავრობის წევრმა, ანუ იუსტიციის მინისტრმა დაასახელა", - აღნიშნა მან.

ევროკავშირის ელჩის მოადგილის თქმით, მათი ორგანიზაცია მზად არის, განაგრძოს ქართულ ინსტიტუციებთან მუშაობა ამ მიმართულებით.

"დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს შეუძლია, დახმარების გაწევა პროკურატურისა და სხვა ინსტიტუციებისთვის", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ.