„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ურთმელიძემ, „რუსთავი 2“-სთვის ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო“

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ურთმელიძემ, „რუსთავი 2“-სთვის ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და ის მიკერძოებულმა მოსამართლემ არ უნდა გადაწვიტოს.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მხარის პირველი და მთავარი მოთხოვნა არის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება.

„სასამართლოზე საქმეს იხილავს მოსამართლე ურთმელიძე, რომელიც არ არის ჩემთვის მოსამართლე და რომელიც არის მხარე. ის წარმოადგენს არა ქიბარ ხალვაშს, თუმცა, მის სასარგებლოდ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში ამ პროცესში არის სახელმწიფო. არცერთ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს ამ მოსამართლის მიერ მიღებული, „რუსთავი 2“-თვის ეს გადაწყვეტილება აპრიორშივე არის უკანონო, უსამართლო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, თუ მხარე აპრიორშივე არ ენდობა მიღებულ გადაწყვეტილბას, მოსამართლემ ეს საქმე უნდა აიცილოს.

„ამიტომ ვითხოვთ ურთმელიძისგან საქმის აცილებას. ის უნდა წავიდეს სახლში და საქმე სხვა მოსამართლემ უნდა განიხილოს. უკეთეს შემთხვევაში, უნდა განიხილოს 3 მოსამართლისგან შექმნილმა კოლეგიამ, რომ ეს კოლეგია არ იყოს ადვილად მოწყვლადი. სასწორზე არ დევს უბრალოდ სამოქალაქო დავა. სასწორზე არ დევს, ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის, როგორც ერთი უბრალო კომპანიიის მფლობელი. სასწორზე დევს ქართული დემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, პროცესი 11:00 საათზეა იყო ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები 2 შუამდგომლობას დააყენებენ. ერთი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხია, მეორე კი, პროცესის გადადების მოთხოვნა.