საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას მართავს. კონფერენცია სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს, სადაც საპროკურორო საბჭოს 8 წევრი უნდა აირჩიონ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროცესი პროკურატურის გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"როგორც ცნობილია, "საქართველოს პროკურატურის შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანც 8 უნდა იყოს პროკურორი. შესაბამისად, პროკურატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. სამი დღის განმავლობაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საბჭოს წევრობის კანდიდატი პროკურორები და უკვე კვოტების მიხედვით მოხდება კენჭისყრა. პროცესი არის პროკურატურის გაჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან", - განაცხადა ნათია მეზვირშვილმა.
კონფერენციას 438 პროკურორი ესწრება. საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორედ მათგან დასახელდება, საიდანაც 8 აირჩევა.
ამასთა, პროკურატურის ინფორმაციით, კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;
• 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
• 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
• 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
• 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.
• საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით;
საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა