ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ყაზტრანსგაზის" მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებაც კი არავისგან ჰქონია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც "ყაზტრანსგაზი" საარბიტრაჟო დავას აპირებს და სურს, "ყაზტრანსგაზ თბილისში" ჩადებული ინვესტიცია უკან გაითხოვოს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, "ყაზტრანსგაზ თბილისი" არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანიშნულია სპეციალური მმართველი ენერგეტიკის სამინისტროდან.
"ეს არის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით ჩვენსა და ყაზახურ მხარეს შორის. შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრთან, და შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ განვაახლებთ სამუშაო ჯგუფს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის საკითხები, როცა შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, მაგალითად, დარიცხული პროცენტის რაოდენობაზე. რეალურად, ეს ტექნიკური დეტალებია. რაც შეეხება ინვესტიციის გატანას, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ასეთი მინიშნებაც კი არავისგან მქონია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.