ილია მეორე - დღეს შემოვიდა მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში

ილია მეორე - დღეს შემოვიდა მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში

დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. 
პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. "დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი - დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში. სახლში უკეთესია", - ბრძანა ილია მეორემ. 
მისივე თქმით, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. "ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა.