"საქართველოში NDI-ს ოფისი, ხარვეზებით მუშაობს"

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს.

მისი თქმით, ქვეყანაში პრობლემები არსებობს, თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბევრი რეფორმა განახორციელა.

„NDI-ს ინსტიტუტთან მიმართებაში ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზცია, თუმცა, საქართველოში არსებული ოფისი, გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. დაწყებული 2012 წლიდან, ჩვენ გვახსოვს მათი შედეგები, განცხადებები. არჩევნები ყველაფერს აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წელს. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ ვერიდებით, ძალიან მძიმეა სოციალური ფონი, თუმცა 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა, ბევრი შეღავათი გაკეთდა, თუნდაც ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით, ასევე, პენსიის, რომელიც 60 ლარითაა გაზრდილი. მესმის, რომ ესაა ძალიან ცოტა. მე კარგად მესმის, ხალხმა ხელისუფლება იმიტომ აირჩია, მეტი უნდა ვიმუშაოთ. რაც მთავარია ხალხს აქვს იმედი. ყველა რეფორმა განხორციელდება, რათა ჩვენს მოსახლეობს შევუმსუბუქოთ ცხოვრება“,- განაცხადა კალაძემ.