საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინულ საიტზე გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალაზე, კომენტარი გააკეთა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ის კადრებია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი.
"ეს ის კადრებია, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი. მე ვიყავი მინისტრი, როცა ეს ძალიან მძიმე დანაშაული გამოვიძიეთ და ეს საქმე ოპერატიულად გავხსენით. ყველა დამნაშავე იქნა დასჯილი, ყველა ზის ციხეში და მისჯილი აქვს 9-12 წელი. მე მესმის, რომ საზოგადოებისთვის ძნელი საყურებელია ეს ვიდეოები, გამოძიება დაადგენს როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება, თუმცა მარტივი საფიქრალია, რომ ამ კადრების ასლები არსებობდა და ბევრი ვერსია ვრცელდება, თუ როგორ გავრცელდა. სააკაშვილის რეჟიმი არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა მოსახლეობას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყნის მართავზე, პრეტენზიას აცხადებენ, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა, მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს, განაჩენი გამოუტანა. გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, ადამიანებს აწამებდნენ, უსწორდებოდნენ და ენით აღუწერელია ის ყოველივე, რაც ჩვენ ვიხილეთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.