თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.
მისი თქმით, დღეს არიან მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. "როგორც ამბობს ერთი დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსები აღარ გვყავს, რომ განსაჯონ, გააანალიზონ წარსული, აწმყო და მომავალი. დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. აკრიტიკებენ ეკლესიას, მთავრობას, ხალხს, მეცნიერებს. საოცარი კიდევ ის არის, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. აღარ არის მაგალითი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სულიერად დაავადებულია თანამედროვე ადამიანი", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დღეს არის ისეთი დრო, სადაც ხდება გადაფასება, როცა ის, რაც ფასობდა ადრე, გადაფასდა. "ადამიანის სიცოცხლე თითქოს აღარაფერი აღარ არის. ყოველდღე გადმოსცემენ, რომ დაიღუპა ამდენი ადამიანი ამა თუ იმ ქვეყანაში და ხალხი იმდენად შეეჩვია ამ ყველაფერს, რომ აღარაფრად მიაჩნია ეს. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს და ვხედავთ, რომ წარსული ვეღარ შეიცვლება. ვერაფერი ვერ შეცვლის წარსულს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ვუშვებთ და ვუშვებდით ბევრ შეცდომას და სამწუხაროა, რომ ამ შეცდომებზე არ ვსწავლობთ. ჩვენ ან ვაიდეალებთ წარსულს ან პირიქით - ვგმობთ", - განაცხადა ილია მეორემ.