ამირან გიგუაშვილი -

ამირან გიგუაშვილი - "ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამართლიანობის აღდგენის პირობის შეუსრულებლობაა

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკურ გასაჭირთან ერთად, სამართლიანობის აღდგენის პირობის შეუსრულებლობაა. ამ თემაზე გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"სამწუხაროდ, ხელისუფლების უმთავრესი დაპირება, რაც სამართლიანობას აღდგენას უკავშირდებოდა შეუსრულებელი დარჩა და მეეჭვება, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში ამ მხრივ ძირეული ცვლილებები განხორციელდეს. რამდენიმე ავტომანქანის საჩვენებელი დაბრუნება და პრაქტიკულად უფუნქციო სამართალწარმოების დეპარტამენტი პროკურატურაში ფონს ვერ შექმნის. შეიძლება ხალხი დაპირებებით კვებო ერთი თვე, ერთი წელიწადი, მაგრამ ბოლოს ამას აუცილებლად ექნება ბუმერანგის ეფექტი. ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ოცნების ხელისუფლებამ საზოგადოების მოლოდინები ვერ გაამართლა", - განაცხადა გიგუაშვილმა. 
მისივე თქმით, სულ მცირე, რაც უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით არის სპეციალური უფლებებით აღჭურვილი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც ათიათასობით განცხადების საფუძვლიანობას ეფექტურად შეისწავლიდა. 
"ასევე უნდა შექმნილიყო საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებული დროებითი კომისია, რომელიც კომპეტენტურ დასკვნას დადებდა, წამების და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორები ცალკეული თანამდებობის პირები იყვნენ, თუ ნაციონალური მმართველობის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე ქვეყნის ბიუჯეტში რამდენიმე წელიწადზე უნდა გაწერილიყო ჩამორთმეული ქონების და უკანონო პატიმრების კომპენსირების მექანიზმი, რაც საზოგადოებას თუნდაც გრძელვადიან რეალურ მოლოდინებს შეუქმნიდა. ეს იყოს ის მინიმუმი, რაც მოქმედ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და ამით თუნდაც ნაწილობრივ შეასრულებდა წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას. რა თქმა უნდა ყველა ვინც თავს მსხვერპლად მიიჩნევს, სინამდვილეში შეიძლება არც არის დაზარალებული და ვერც კომპენსირებას მიიღებდა, მაგრამ სწორედ ამიტომ იყო საჭირო განსაკუთრებული საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომ ეს სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. დღეს სამწუხაროდ ამის გაკეთება ვეღარ მოხერხდება. შედეგად კი მივიღეთ იმედგაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც კაცმა არ იცის ცხელ გულზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რომელი ავანტურისტი პოლიტიკური ძალა, როგორ ისარგებლებს მისი რადიკალიზებული განწყობით", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.