შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს.
"გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს , რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.
უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.