გიორგი ბარამიძე - ძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოქვეყნება

გიორგი ბარამიძე - ძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოქვეყნება

ძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული მასალის კომენტირებისას განაცხადა. 
როგორც ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს მსგავსი ტიპის ვიდეოები რეალურად განადგურებული არ ჰქონდა.
"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ვიდეოები არ გაუნადგურებია, შენახული ჰქონდა გარკვეული მომენტისთვის, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოსაყენებლად. უბრალოდ, ძალიან გაუჭირდათ, NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ ამის გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში და მსგავს მოპყრობაში მთავარი დამნაშავე საერთოდ არ არის დაკავებული და პასუხისგებაშიც არ არის მიცემული, ისევე როგორც ბედუკაძემაც ცოცხით გაუპატიურების სცენა დადგა, ის პასუხისგებაში არ მიუციათ. თუმცა, ბედუკაძეს ამ სცენის გარდა არაერთი ნამდვილი დანაშაული აქვს ჩადენილი, ნაწამები ჰყავს პატიმრები და მას არ სჯიან, იმიტომ, რომ ივანიშვილის დავალებით დადგა ეს სცენა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ბედუკაძის ვიდეოებით და ბარბარე რაფალიანცის დახრჩობის "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალებით გაიმარჯვა არჩევნებში.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. 
გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". 
ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. 
უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.