ლორა თორნტონი - პარტიები, უნდა შეეცადონ გადაიბირონ ის ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

ლორა თორნტონი - პარტიები, უნდა შეეცადონ გადაიბირონ ის ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

პარტიები, მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა შეეცადონ თავის მხარეს გადაიბირონ ის ამომრჩევლები, რომლებსაც ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარტიებმა ამ კუთხით წარმატებას ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით უნდა მიაღწიონ, რადგან ეს საკითხები მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
"ყველაზე მთავარი მიგნება ანგარიშში იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი თავისი პოლიტიკური სიმპათიები. თითქმის 60 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური აზრი, ის თანაბრადაა გადანაწილებული "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე". 
ასე რომ, პარტიები მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა შეეცადონ, რომ მაქსიმალურად თავის მხარეს გადაიბირონ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები და ამას უნდა მიაღწიონ მხოლოდ დასაქმებასა და ეკონომიკაზე საუბრით, რადგან ეს არის საკითხები, რომელიც მოსახლეობას მართლაც ყველაზე მეტად ადარდებს", - აღნიშნა ლარა თორნტონმა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მისი განმარტებით, აგვისტოს კვლევის ყველაზე მთავარი მიგნება არის ის, რომ "ოდნავი კლება შეინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერაში და მოსახლეობა განიხილავს ორივე კავშირის - ევრაზიისა და ევროკავშირის სარგებელს".
"ეს სარგებელი კი მთლიანად არის ეკონომიკური და არ არის პოლიტიკური. 12 %-მა რესპონდენტებისა ისიც კი განაცხადა, რომ ორივეს დაუჭერდა მხარს – როგორც ევროკავშირს, ისე ევრაზიულ კავშირს. ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ ოდნავ არის დაკლებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროატლანტიკური კავშირისგან რეალურ სარგებელს ხედავენ და ოდნავ გაზრდილია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება ევროპული კურსის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან უკეთესი კურსის ჩამოყალიბება. თუკი ვინმეს სურს, რომ ეს სიტუაცია შეცვალონ, მათ უნდა ისაუბრონ იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც შესაძლოა ევროპულ კურსს ჰქონდეს, რათა მოსახლეობამ შეცვალოს თავისი აზრი", - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.