"ნაციონალური მოძრაობა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დასაცავად მასშტაბურ და გრძელვადიან საპროტესტო აქციებს აანონსებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციების ფარგლებში მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირებაც.
"პარლამენტში მიმდინარე დისკუსიამ თვალნათლივ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მზადაა დაიცვას ივანიშვილის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების თაობაზე.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება მოვლენების რადიკალური ფორსირებისა. ივანიშვილი იხილავს არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულების ფურცლის გამოწერას. ეს შეიძლება მოხდეს მალე, 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი.
რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება, ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს და განსხვავებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართული ჩვენი ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან, პერმანენტულ სახეს და მათ შორის მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება.
თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს "რუსთავი 2"-ის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.