NDI -ის კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას, - ასე ეხმაურება NDI -ის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი.
"ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების ნდობა და მანდატი არ აქვს, მან ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამ კვლევამ დაადასტურა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის კონკრეტული პარტია, რომელსაც გააჩნია გეგმა, ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და ჩვენ ვაპირებთ ამ გეგმის განხორციელებას", - განაცხადა მინაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატ ლევან თარხნიშვილის თქმით კი, NDI-ს კვლევებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გზავნილი, რომ პარტია - ესაა ერთდაერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.
"კვლევები სრულად ასახავს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ეს იმ შეცდომების შედეგია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამ 3 წლის განმავლობაში დაუშვა.
მთავარი გზავნილი, რომელიც ამ კვლევებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო არის ის, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, წარმოვადგინოთ გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს", -განაცხადა თარხნიშვილმა.