NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 61%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. აღნიშნული მიუღებელია 21%-სთვის, 17%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, 1% კი – პასუხზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კვლევის შედეგად დაფიქსირებულ პროცენტულ მაჩვენებლებს დასახლების მიხედვით, მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებად მიიჩნევს თბილისში მცხოვრები რესპონდენტების - 72%, ბათუმში მცხოვრები გამოკითხულების - 65%, ქუთაისი – 68%, გორი – 55%, ზუგდიდი – 55%, თელავი – 69%, გურჯაანი – 54%, მცხეთა – 67%, ოზურგეთი – 47%, ახალციხე – 62%.
ხოლო შეკითხვაზე, რატომ არის მისაღები საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, იმ 61%-დან, ვისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, 68% მიიჩნევს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 41%-ის აზრით, აღნიშნული ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 38%-ის აზრით, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, 24% ფიქრობს, რომ ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, 21%-ის პოზიციაა, რომ აღნიშნული გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას, 17% ელოდება, რომ ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.
როგორც პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორენ თორნტორმა განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია, შემცირებულია და ბოლო, აღნიშნული კვლევის შედეგად დაფიქსირებული 61% ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.
2012 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მისაღებად მიიჩნევდა 70%-ზე მეტი, 2013 წლის ნოემბერში 80%-ზე მეტი, 2014 წლის აგვისტოში კი – დაახლოებით 80%-მდე.